19 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმის ახალი დეტალები - თვალთვალი ჟურნალისტის ოჯახის წევრებზე

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე პროკურატურას მიმართავს. ლეილა მუსტაფაევა საგამოძიებო უწყებაში მასსა და მისი ოჯახის წევრებზე თვალთვალის დამადასტურებელ მასალას წარადგენს.

აფგან მუხთარლის მეუღლე ამტკიცებს, რომ მას და მის მცირეწლოვან შვილს 2 უცნობი მამაკაცი უთვალთვალებდა და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ლეილა მუსტაფაევას თქმით, თვალთვალს აზერბაიჯანის სპეცსამსახურის წევრები ახორციელებენ და მის დაშინებას ცდილობენ.

მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ლეილა მუსტაფაევამ პროკურატურას დღეს გადასცა.

აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, დარწმუნებულია, რომ კადრებზე აღბეჭდილი პირები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გატაცებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი და ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება განზრახ ჭიანურდება. ამ დროს კი თავად აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში უარესდება.

ადვოკატებისთვის საეჭვოა კიდევ ერთი ფაქტი. 4 აგვისტოს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. რამილ იდრის ოგლი საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიზიტის დღესვე უარყო, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრის ერთ-ერთი თემა აფგან მუხთარლის რეზონანსული საქმე იყო. თუმცა, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, სწორედ ამ დღეს გააქტიურდა მასზე თვალთვალი.

დღის ამბები